ყაზბეგი საქართველოს ერთ–ერთი მაღალმთიანი კუთხეა, რომელსაც ძველი სახელწოდებით ,,ხევი’’–თ მოიხსენიებენ. ხევის ტერიტორია უხსოვარი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, რაც დასტურდება არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილი სამეცნიერო ლიტერატურაში „ყაზბეგის განძის“ სახელწოდებითაა ცნობილი. იგი მიეკუთვნება ძვ.წ. X-VI სს. და ახ.წ. IV-VI საუკუნეებს. ისტორიკოსთა გადმოცემით, XII საუკუნემდე ხევს ერქვა „წანარეთი’’, რომელიც მოიცავდა თერგის ხეობას, თრუსოს სათავედან დარიალის კარიბჭემდე. შესაბამისად, “წანარეთის“ მცხოვრებთა ისტორიული სახელწოდება იყო „წანარები“. XII საუკუნიდან , როგორც ეს აღნიშნულია თამარის ისტორიკოსის ცნობაში, თერგის ხეობის მონაკვეთს, სოფელ მნიდან დარიალის ხეობის ბოლომდე, ეწოდა „ხევი“, ხოლო მის მკვიდრთ – „მოხევე“. “წანართა”პერიოდშია შექმნილი ხევში უძველესი კულტურის ნაწილი, დღეს არსებული ქრისტიანული ეკლესიები და სასიგნალო კოშკები.
მოხევები – ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფია. მოხევეები საუბრობენ მოხევურ დიალექტზე და გამოირჩევიან კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებებით. ვახუშტი ბაგრატიონი მოხევეებს ასე ახასიათებს – „ თავიანთი ფიზიკური აღნაგობით მოხევეები საშუალო ტანისანი არიან. სხეულის სიმკვრივესთან ერთად მათ ახასიათებთ ფიზიკური ჯამრთელობა და მოქნილობა. ტიპიური მოხევე სახით უფრო პირმრგვალია, აქვს სახის სწორი მოხაზულობა და შავგვრემანი ფერი. ფიზიკურ სისაღესთან მოხევე გულადია, მოსაქმე, მარდი და გამბედავი... მოხევე თავისი ენის მოსიყვარულეა. მიუხედავად იმისა,რომ მას მჭიდრო ეკონომიკურ– კულტურული კავშირი აქვს კავკასიასთან და სხვა უცხო ტომებთან, ის მშობლიურ ენას არ ივიწყებს. ენის სიწმინდის შერყევა მოხევეებს სამარცხვინოდ მიაჩნია. მოხევეები მეტყველებენ დინჯად და გარკვევით. გონებამახვილობასთან მათ ახასიათებთ ნათელი აზროვნება და სწრაფი მოფიქრება. საუბრის დროს მოხეურად უქცევენ’’.
ხევში მრავლადაა უძველესი ისტორიული ღირსშესანიშნაობათა ძეგლები. წმინდა სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის პირველი ნახევარი) , გარბნის ეკლესია (IX-X სს) , სიონის სამნავიანი ბაზილიკა (IX-X სს), ახალციხის ბაზილიკა (IX ს), ხევში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ქრისტიანული წარმართულ წეს–ჩვევათა ნაზავი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივთა (მოხევეების) სარწმუნოებრივი ადათ–წესები.
ხევი შედგება ოთხი მთავარი ხეობისაგან: სნოსწყლის, თრუსოს, თერგის, და დარიალის ხეობებისგან. თრუსოს ხეობის სათავეში ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით (XVIIIს) მხოლოდ რვა ოსური სოფელი არსებობდა.ოსები თრუსოს ხეობაზე სავარაუდოდ 1290–იანი წლებში გამოჩნდებოდნენ რადგანაც, XIII–ე საუკუნის 40–იან წლებში ბათო–ყაენის დროს, მდინარე ვოლგის ქვემოთ შეიქმნა ფეოდალური სახელმწიფო ,,ოქროს ურდო’’, რის შემდეგაც მონღოლებმა იქ მოსახლე ოსების მიწები საძოვრებად აქციეს, ხოლო ოსებმა თავი შეაფარეს ჩრდილოეთ კავკასიის მთებს. ოსებისთვის მთის მწირი ბუნება საკმარისი არ აღმოჩნდა და გადმოსვლა დაიწყეს კავკასიონის სამხრეთ მთიანეთში, საქართველოში დავით VIII მეფობის დროს. 1290–იანი წლების ბოლოს, დასუსტებულმა საქართველომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმიერკავკასიელი მთიელების, ძირითადად ოსების მიერ, სამხრეთ კავკასიის ქართველი მთიელების მიწების დაკავებას.თუმცა მეფე დავით VIII, 1301 წელს მონღოლებს აუჯანყდა, დამარცხდა და თავი გველეთის ციხეს შეაფარა. დროთა განმავლობაში ოსებმა სოფელ კობამდე ჩამოინაცვლეს.
ადრეულ პერიოდში ხევი, სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, სამეფო ხელისუფლების მზრუნველობის ქვეშ მყოფი რეგიონი იყო. ხევში, ხევისბერების მმართველობა იყო განმტკიცებული, რომლებიც საბჭეოს (სათათბირო) გადაწყვეტილებებით იღებდნენ ხევის ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ხოლო თვითონ შიგნით თემში, თემის საჭირბოროტო საკითხებს წყვეტდა თემი – თემის ყრილობაზე. საბჭეო იკრიბებოდა წმინდა სამების ეკლესიის ტერიტორიაზე, სპეციალურად აშენებულ შენობაში.
მყინვარწვერის ძირში არის მე–XIV საუკუნის დასაწყისში აშენებული წმინდა სამების სახელობის ეკლესია. მისი ძირითადი ფუნქცია, გარდა ხევში მართლმადიდებლობის დაცვისა, ჰქონდა აგრეთვე ქვეყანაში მტრების შემოსევისას განძთსაცავის ფუნქციაც. აქ ინახებოდა წმ. ნინოს ჯვარი.
ხევის უძველეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დარიალის ხეობას უკავია.გადმოცემით, დარიალის ხეობაზე პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარში). V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118–1120წ.წ) საქართველოში ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა, მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. დარიალის გზით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ–დიპლომატიური და სამხედრო მისიები. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.
ქალის სიწმინდის კულტი – ამ საზოგადოებისთვის ქალის უმანკოება ოჯახის სიწმინდის, სიმტკიცის წინაპირობაა. ამიტომაც არ შეიძლება ჯვრისწერამდე ნეფე–პატარძლის ერთი მარხილით მგზავრობა.
· კერიასთან სტუმრის შემოტარების ტრადიცია – კერია (კერა) სიმბოლურად გამოხატავს ოჯახს. ყველაზე საპატიო სტუმრების კერასთან შემოტარებით მოხევე გამოხატავს სტუმრის მიმართ პატივისცემას, რომელიც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი.
· „ხმა ღვთისა – ხმა ერისა“ – თემის გადაწყვეტილება მოხევეებისთვის არის კანონი, ხევისბერი რელიგიურ–სოციალური ინსტიტუტია, მისი პირით ღმერთი ამბობს სათქმელსა და აცნობს გადაწყვეტილებას, ამიტომ განსჯას აღარ ექვემდებარება და ყველა ემორჩილება.
· დამწყალობება – დამწყალობებისას ხევისბერი იხსენებს მათ, „ვინც სათემოდ თავი გამოიჩინა“, სისხლი და ოფლი დაღვარა ქვეყნისთვის. მსგავსი რიტუალი აგულიანებს მოხევეებს თავის გამოსაჩენად.
· თემიდან მოკვეთა – ამ სასჯელით სჯიან თემის შემარცხვენელს. თემიდან მოკვეთა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. მთაში მარტო, საზოგადოების გარეშე, ყველასგან ზურგშექცეული ადამიანი განწირულია სასიკვდილოდ.
სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები ხევში
სტუმარ-მასპინძლობა ეთნოგრაფიული თემატიკიდან ყოფის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის დღემდე ცოცხლად მოქმედი, თუმცა ახალი ეპოქის მოთხოვნილების შედეგად ტრანსფორმირებული წესი.
მოხევეთა ცხოვრებაში, ისევე როგორც ზოგადად ქართველ ხალხში, პიროვნების პირადი ღირსებისა და ოჯახის თუ გვარ-შთამომავლობის ავტორიტეტის შექმნილ ფაქტორებს შორის სტუმართმოყვარეობასაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. “სტუმარშინშეუყვანელი” კაცი ხალხის თვალში დამცირებული იყო და ეს თვისება სასაყვედუროდ ითვლებოდა.
სტუმართმოყვარეობა, როგორც ადამიანის ღირსების ერთ-ერთი გამოხატულება, მოითხოვდა მოქმედი ეტიკეტის დაცვას, სტუმრისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას. ამაში იგულისხმებოდა საუკეთესო საჭმელ-სასმელის მირთმევა, გართობა, დაძინება, იარაღის საიდუმლოდ შენახვა და ცხენის კვება. სტუმრის მიერ რაიმე საქმის გაკეთება ან მასპინძლის მაგივრად მისი სადმე გაგზავნა დაუშვებელი იყო. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა სტუმრად ყოფნის ხანგრძლივობას და არც სტუმრის ვინაობას. ის მასპინძლის მეგობარიც რომ ყოფილიყო, საოჯახო საქმეში მისი ჩართვა სტუმარ-მასპინძლობის ნორმების დარღვევად ითვლებოდა.
ხევში დღემდე შენარჩუნებული ჩვეულების მიხედვით ოჯახში მომსვლელი მეზობელი, თუ სხვა სოფლის ან კუთხის მკვიდრი, რომელიმე მამაკაცის სახელს დაიძახებს. უმამაკაცო ოჯახშიც კი მიუღებელია ქალის სახელის დაძახება. ის, რაც დღემდე სრულდება და უშუალო დაკვირვებით შეიძლება აღვიქვათ, კიდევ უფრო მტკიცედ დაცული იყო წარსულში.
ტრადიციულად უფრო მიღებული იყო ოჯახის უფროსის სახელის შეკივლება ან ბავშვის შეგზავნა.
სტუმრების მიღება ოჯახის უფროსის ფუნქციას შეადგენდა, ხოლო სამყოფოში (სახლის მთავარ განყოფილებაში), სადაც კერა იყო მოწყობილი, მისალმება-მოკითხვების უფლებით სარგებლობდა რძლებს შორის უფროსი დიასახლისიც. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ასეთი სიტუაცია დამახასიათებელი იყო დიდი ოჯახისათვის, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა.
მცირერიცხოვან ოჯახში სტუმრის მიღებასა ზემოხსენებული წესის დაცვით სრულდებოდა და მიმღების როლში ოჯახის უფროსი ფიგურირებდა. ასეთ ოჯახში მისულ სტუმარს აუცილებლად შემოეგებებოდა ოჯახის უფროსი, სახლში შეიყვანდა, სკამზე დაჯდომას შესთავაზებდა.
სტუმარს მასპინძელი ხონჩასთან მიიწვევდა. ხონჩა ერქვა მცირე ზომის სამფეხა მაგიდას — სუფრას, რაც გამოიყენებოდა როგორც ოჯახის წევრის, ისე სტუმრის დასაპურებლად.
მოხევეები მასპინძლის მოვალეობას იმის ღრმა რწმენით ასრულებდნენ, რომ “სტუმარი ღვთისაა”, ხოლო მასპინძელი მარტოოდენ ერთი ოჯახი კი არაა, არამედ ყველა ნათესავი და მეზობელი, მთელი სოფელი. ბავშვობიდანვე ამ შეგნებით შთაგონებული მოხევე თავს ვალდებულად თვლიდა სოფელში მოსული უცხო კაცისთვის მისალმებისთანავე მასპინძლობა შეეთავაზებინა.
სტუმრის მიღება და დაცვა, უწმინდეს საზოგადოებრივ მოვალეობად ითვლებოდა. მასპინძელს სტუმრის შენახვა ისეთ ვითარებაშიც ევალებოდა, როდესაც უკანასკნელი დევნილი იყო მოსისხლე მტრის ან დამსჯელი ორგანოებისაგან.
სტუმრად მყოფი კაცი მასპინძლის სანათესაოს მტერიც რომ აღმოჩენილიყო, სახლიდან მშვიდობიანად უნდა გაეცილებინა.
ხევის მცხოვრებთათვის დაუშვებელი იყო თემიდან მოკვეთილის სტუმრად მიღება.
1.http://khevi2013h.blogspot.com/2013/01/blog-post.html
2. http://orioniblog.blogspot.com/2012/06/blog-post_26.html
3. http://tradiciadavicvat.blogspot.com/2013/01/blog-post_136.html
4. ფოტო მასალა გამოყენებულია google.ge
5. http://karibche.ambebi.ge/images/stories/article/2008/23_noemberi/chemi%20sofeli.
No comments:
Post a Comment